“გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა“–ტვ პირველის დამფუძნებელი სანაიას და ჟიჟილაშვილის მიერ არხის დატოვებაზე

ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას ტვ პირველიდან წასვლას ფეისბუქით ეხმაურება არხის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი. ჟურნალისტებმა დღეს პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა წაიყვანეს და ეთერის ბოლოს მაყურებელს დაემშვიდობნენ. ვატო წერეთელი წერს, რომ მათი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გაოცებულია:

“ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა “ტვ პირველს”, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე”. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს “ტვ პირველის” წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს.“