გარდაცვლილი მედდის ქმარი, კლინიკის თანამშრომელს ფიზიკურად დაუპირისპირდა

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ფიზიკურად დაუპირისპირდა საავადმყოფოს თანამშრომლებს. დაპირისპირების ვიდეო-კადრებს ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.

ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე  უკვე საკუთარ სახლში გადაასვენეს. ახალგაზრდა ქალის ოჯახს კითხვები ადგილობრივ ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქვს. საქმის გამოძიებაში მათ მიერ დაქირავებული იურისტი უკვე ჩაერთო.  ოჯახი ეჭვობს, რომ მეგი ბაქრაძე ახალციხის კლინიკაშივე გარდაიცვალა, ისინი ამბობენ, რომ აცრამდე ექთანს კანზე გამონაყარი ჰქონდა, ამ მდგომარეობაში კი აცრა არ უნდა გაკეთებულიყო.

“ჩვენ იმას ვფიქრობთ, რომ აქედან ეს მიცვალებული წაიღეს, რატომ გამიჩნდა ეს ეჭვი და არ შეიძლება შვილი ანახო?! მკვადარია თუ ცოცხალია?! რატომ არ გვაჩვენეს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, აქ არ მოხდა არცერთნაირი დახმარება, დაბნეულები იყვნენ, ზეწარგადაფარებული ნახა თავისმა მეუღლემ, უპატრონოდ, ახალციხის საავადმყოფოში”, – თქვა ნათესავმა, ვეფხია ბაქრაძემ.