გარეჯის მოვლენის გადაფარვა შეიძლება 1 რამით – ბანკში უნდა შევიდეს ტერორისტი – ვოლსკი

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ზუგდიდში, საქართველოს ბანკში თავდამსხმელის შეჭრას ოპოზიციას უკავშირებს.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი იმდენად რეზონანსული იყო, რომ მისი გადაფარვა მხოლოდ ბანკში ტერორისტის შესვლით იყო შესაძლებელი.

“გარეჯთან დაკავშირებით საოცრება ხდება. ეს არის იმხელა რეზონანსის მქონე მოვლენა, რომლის გადაფარვა შეიძლება მხოლოდ 1 რამით – ზუგდიდის ბანკში უნდა შეიჭრას ტერორისტი. მე არ ვამბობ, რომ მართლაც ეგრეა, მე ვამბობ იმ რეალისტურ სურათს, რაც სამწუხაროდ, საქართველოში იხატება”,- თქვა გია ვოლსკიმ პროსახელისუფლო მედია პოსტივისთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, 2008 წლის ომში სააკაშვილი და რუსეთი უნისონში მოქმედებდნენ, ამიტომ არსებობს “უშველებელი კითხვის ნიშანი, გაყიდეს თუ არა ეს ტერიტორია”.

“რუსების შემოჭრა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გადაწყვეტის დროს რუსებმა დაგეგმეს, რა უნდა ექნა სააკაშვილს, ჯარების სარდალს და რა უნდა ექნათ სხვადასხვა ფიგურანტებს. ეს არის უნისონში ყველაფერი და აქაც უშველებელი კითხვის ნიშანი ჩნდება, გაყიდეს თუ არა ეს ტერიტორია”,- აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.