გასულ კვირას ზოგიერთი პარტია გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო – დეგნანი

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი მხარეების გადასაწყვეტია.

“რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებების თითოეული პუნქტი პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს ამომრჩეველთა მოსაზრებები, სწორედ ამიტომ ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება”,– თქვა მან პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, წინა კვირას ზოგიერთი პარტია გადაწყვეტილების მისაღებად არ იყო მზად.

“პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადაიდგას და კომპრომისზე წავიდნენ. კომპრომისულ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე.

გასულ კვირას, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო”,– აღნიშნა ელჩმა.