გაჩნდა მოლოდინები, რომ რუსეთი ბელარუსიდან ნიადაგის გაყინვის შემდეგ დაიწყებს შეტევას” – 28 ნოემბრის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 28 ნოემბრის მდგომარეობას აჯამებს:

”აქტიური ბრძოლებია ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, ავდიივკას სამხრეთით, საიდანაც რუსები ჩრდილო-დასავლეთით ცდილობენ წარუმატებლად გაჭრას. უკრაინელთა თავდაცვის ზღუდეები ავდიივკაში ძალიან კარგადაა მოწყობილი (2014 წლიდან მოყოლებული), მაგრამ რუსები სამხრეთიდან, ოპიტნესა და ვოდიანეს გავლით ცდილობენ ქალაქზე შეტევას. ზოგადად, ავდიივკა დონეცკის რაიონში რუსეთის იერიშების შეკავების ერთ-ერთი ღერძული წერტილია. იქ უკრაინის სამხედრო ძალების ძალიან გამოცდილი პროფესიონალები არიან მობილიზებულები.

– ბახმუტის სამხრეთით მძიმე ბრძოლა გრძელდება. რუსებმა რკალისებრ ალყაში მოაქციეს დასახლება კურდიუმივკა. მიუხედავად ამისა, რუსებმა დასახლების აღება ვერ მოახერხეს. ისინი ძალიან დიდი დანაკარგებით ცდილობენ პატარა ქალაქში შესვლას, მაგრამ უკრაინელები ჯერჯერობით ეფექტურად ართმევენ ურთულეს გამოწვევას თავს. ტექნიკური თვალსაზრისით უკრაინელთა აღჭურვილობა და საინფორმაციო მხარდაჭერა რუსებზე უკეთესია, თუმცა რუსული არტილერიის აქტიურობა ბახმუტის სამხრეთით სიტუაციას კრიტიკულს ხდის.

– უკრაინელები ხერსონის რაიონში ინტენსიურად ბომბავენ ნოვა კახოვკასა და მის მომიჯნავედ განლაგებულ რუსულ ნაწილებს. თითქმის ყველა სახის არტილერია სწვდება რუსულ პოზიციას. გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა რუსებმა ქალაქიდან უკანაც კი დაიხიონ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკან დახევის შემთხვევაში საფორტიფიკაციო ნაგებობების აგება ყირიმამდე ძალიან გაუჭირდებათ.

უკრაინელთა გათვლა კი ისაა, რომ მუდმივი იერიშების ფონზე ან აიძულონ რუსები რაც შეიძლება შორს, აღმოსავლეთით გადაისროლონ რუსებმა საკუთარი მძიმე ტექნიკა, რის შემთხვევაშიც უკრაინელების მხრიდან დნეპრის გადალახვა რეალური გახდება; ან მეორე შესაძლებლობა ისაა, რომ პირიქით, აიძულონ რუსებს სხვა მიმართულებიდან მოხსნან ნაწილები და დნეპრისაკენ გადაისროლონ, რაც უკრაინელებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას აღმოსავლეთში ან ზაპორიჟიაში. ყველა ვარიანტში მდინარე დნეპრის ირგვლივ უკრაინული იერიშები გაგრძელდება.

– ყირიმი-ნოვა კახოვკას გზაზე რუსულ მომარაგების ცენტრში ჩამპლინკაში რამდენიმე დიდი აფეთქება მოხდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა განადგურებული სავარაუდოდ რუსული ტექნიკაა.

– დიდი რაოდენობით რუსული ცოცხალი ძალა და ტექნიკაა მობილიზებული ბელარუსში. კვლავ გაჩნდა მოლოდინები, რომ რუსეთი ბელარუსიდან ნიადაგის გაყინვის შემდეგ დაიწყებს შეტევას. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალების შემდეგ იწერება, რომ ლუკაშენკა შეშინებულია და შესაძლოა დაჰყვეს რუსულ ზეწოლას და თავს დაესხას უკრაინას რუს სამხედროებთან ერთადო. რთული სათქმელია რამდენად დასთანხმდება ამაზე ბელარუსი. ამასთან, რუსები ადგილზე წვრთნას გადიან და ტექნიკას არემონტებენ. თუმცა იერიშზე გადასვლის და ახალი ფრონტის გახსნის შანსებიც არსებობს.” – აცხადებს გიორგი კობერიძე.