ხანძრის ჩაქრობის პროგრამაა, ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ – თურნავა ანტიკრიზისულ გეგმაზე

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა გაჭირვებულებისთვის სწრაფად დახმარების და ,,ხანძრის ჩაქრობის” პროგრამაა.

მინისტრის თქმით, ამ პროგრამით ოპოზიციას სათქმელი არ დაუტოვეს.

„ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა. დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა. ეს არის მათ შორის ეკონომიკის შველის პროგრამა და მთავარია სოციალური მიმართულება. ხან გვესმის, რომ წინასაარჩევნო პროგრამაა ანუ ეს, როგორც კომპლიმენტი ისე უნდა გავიგოთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება”,- აცხადებს თურნავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისგან კონსტრუქციულ შეთავაზებას მიიღებენ, მაგრამ სპეკულაციების – არა.

,,ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას გავითვალისწინებთ იმიტომ, რომ კორონავირუსი ისეთი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული. საღი აზრი მისაღებია, არ მივიღებთ პოპულიზმს, კორონავირუსის პოლიტიკური კონიუნქტურით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, – თქვა თურნავამ.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილი. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, დახმარებები ძალიან მცირეა, თვითდასაქმებულების შემთხვევაში კი – დისკრიმინაციული, რადგან დახმარებას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც შემოსავლის დადასტურებას შეძლებს.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური პანდემიის პერიოდში დაკარგა, 6 თვის განმავლობაში 300-ლარია დახმარებას მიიღებენ. ხოლო თვითდასაქმებულებს, თუ ისინი შემოსავლის დადასტურებას შეძლებენ, ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებიან.