გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

შიდა ქართლშო სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი იქნება. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად პარმენ მარგველიძე დაინიშნა. პარმენ მარგველიძე 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი.