გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო – ვოლსკი

ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას, რომ მათ მხარდამჭერს, აკაკი ბარათაიას იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

ვოლსკის თქმით, “გიორგი გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო”.

“დაბრალება ადვილია! აკაკი ბართაიას დაკავება არ წარმოადგენს საკითხს, რაზეც შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეს. ასეთი რამ სახელმწიფოს არ ახასიათებს. არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის. პირიქით, როდესაც ასეთი რამ ხდება, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური გუნდი ზიანდება – მეტი პასუხები შენ უნდა გასცე, ვიდრე სხვამ, რომელმაც იარაღი ჩაიდო საბარგულში თუ ქამარში. ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის მიმართ, ვისაც არავინ არ იცნობს და არანაირი პოლიტიკური წონა და რესურსი არ გააჩნია?! ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, როცა ამბობდნენ, რომ რურუას, რომელსაც არაერთი კანონიერი იარაღი აქვს, არ შეიძლება უკანონო იარაღი ჰქონოდა, მაშინ როცა ქვეყანაში რევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა”, – თქვა ვოლსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ “ცოტა ღირსებას უნდა მოუხმო, როცა ყოფილი პრემიერი ხარ და კონკრეტულ ბრალდებას აჟღერებ”