გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ გამკაცრებული სანქციები აჩენს კითხვებს “ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით”.
მისი თქმით, აშშ–ს საელჩოსგან ლოგიკურია კრიტიკული შეფასება, რადგან ცვლილებების ქართლმა ოცნებამ დაჩქარებული წესით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღო.
„რა თქმა უნდა, ამ ფორმით და მითუმეტეს, არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ჩვენმა გუნდმა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები უფლებამოსილების გადამეტების რისკების გადაზღვევის გარეშე და მითუმეტეს ნაჩქარევად არ უნდა ხორციელდებოდეს. კარგი იქნება თუ ოპოზიცია სხვა დროს მეტი ყურადღებით მოეკიდება ამგვარ საკითხებს,“- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ნახეთ, რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით.
აშშ-ს საელჩოს განცხადებით, იმედგაცრუებლია, რადგან ქართულმა ოცნებამ მოლოდინები არ გაამართლა.
პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.