აშშ-ს საელჩო გამკაცრებულ სანქციებზე: “ქართულმა ოცნებამ” მოლოდინი არ გაამართლა

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია” მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

“ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას’,– აცხადებს საელჩო.

მათი თქმით, ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და “მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად”.

“ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა”,– აცხადებს საელჩო.

მათ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ნახეთ, რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით.