ევროპაში სტრატეგიულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებში, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტია“ ჩართული, მიიჩნევენ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტები.
ლონდონში დაფუძნებულმა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) გამოაქვეყნა ანგარიში ევროპაში სამხედრო ობიექტებზე დრონებით თვალთვალის კამპანიის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, „კრემლის მიერ იყო ორგანიზებული“. ანგარიშის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებიდან ეშვებოდა.
IISS-ის ანგარიშის შესავალში, რომელიც სამშაბათს, 2 ივლისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კამპანია ევროპულ საჰაერო სივრცეში „პრაქტიკულად დაუსჯელად“ მიმდინარეობდა და კრემლისთვის „ტაქტიკური წარმატებების სერიას“ წარმოადგენდა, ხოლო მოკავშირეთა თავდაცვისთვის — „სტრატეგიულ მარცხს“.
ანგარიშში აღწერილია 2024 წლის აგვისტოდან 2026 წლის თებერვლამდე პერიოდში დრონების საჰაერო სივრცეში შეჭრის 144 შემთხვევა ნატოს 12 ქვეყანაში და ირლანდიაში. ინციდენტების თითქმის ნახევარი — 48% — სამხედრო ობიექტებს შეეხო, მათ შორის იმ ადგილებს, სადაც ამერიკული ატომური ბომბები B61-12 ინახება, ასევე საფრანგეთის ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების ბაზას.
შემთხვევების 18%-ში დრონები სამოქალაქო აეროპორტების ტერიტორიაზე შედიოდნენ, რის გამოც ბევრ მათგანს მუშაობის დროებით შეჩერება მოუწია. ინციდენტების მეოთხედზე მეტი — 26% — კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეეხო, მათ შორის პორტებს, ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამრეწველო საწარმოებს.
დრონებს ყველაზე ხშირად გერმანიაში ამჩნევდნენ
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრით ყველაზე მეტად გერმანია დაზარალდა, სადაც დრონების აღმოჩენის 58 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის იყო ექვსი ინციდენტი რამშტაინის ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზის თავზე, ასევე ბუნდესვერის ობიექტებთან მანჰინგსა და ნოიბურგ-ან-დერ-დონაუში.
შემდეგ მოდის ბელგია 25 ინციდენტით, დანია — 16 შემთხვევით და ნიდერლანდები — 9 შემთხვევით. კერძოდ, დრონები დაფიქსირდა ბელგიის კლაინე-ბროგელის ავიაბაზასთან და ნიდერლანდების ვოლკელის ავიაბაზასთან, სადაც ბირთვული იარაღია განთავსებული.
კვლევაში მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები იმ ადგილებთან ახლოს იმყოფებოდნენ, სადაც უცნობი დრონები შენიშნეს. IISS-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოპერაციაში რამდენიმე გემი მონაწილეობდა — ზოგიერთი მათგანიდან დრონებს უშვებდნენ, სხვები კი მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის სიგნალების რეტრანსლირებით.
ნატოს ქვეყნების რეაგირების უნარის შემოწმება
ანალიტიკოსების აზრით, ეს კამპანია, სხვა მიზნებთან ერთად, ნატოს ქვეყნების რეაგირების უნარის შესამოწმებლადაც იყო მიმართული. ანგარიშის მიხედვით, მან გამოავლინა სუსტი წერტილები ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემაში, რომელიც კვლავ ძირითადად ტრადიციულ საფრთხეებზეა ორიენტირებული.
ევროპის ქვეყნების უმეტესობა თავს არიდებდა ინციდენტების რუსეთთან პირდაპირ დაკავშირებას, თუმცა ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ კავშირი აშკარაა.
„ჩვენ სავარაუდოდ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან დაკავშირებული გემები და მათი „ჩრდილოვანი ფლოტი“ გამოიყენებოდა, როგორც საზღვაო პლატფორმები დრონების გასაშვებად, მისაღებად ან სიგნალის რეტრანსლირებისთვის“, — განუცხადა ანგარიშის თანაავტორმა ჩარლი ედვარდსმა Bloomberg-ს.
კვლევის კიდევ ერთმა თანაავტორმა, ლუის ბერნმა, აღნიშნა, რომ ზოგიერთი მთავრობა ამ ინციდენტებს აქტიურად იძიებს. ამასთან, მისი თქმით, როდესაც 2026 წლის დასაწყისში ევროპულმა ქვეყნებმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების გაჩერება და შემოწმება დაიწყეს, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები პრაქტიკულად შეწყდა.















