გახარია აცხადებს, რომ მაღალჩინოსნობისას არ იცოდა, რომ მოსმენები ამ მასშტაბით მიმდინარეობდა

საქართველოს ყოფილი შს და პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, არ იცოდა, რომ მოსმენები ამ მასშტაბით მიმდინარეობდა. ამის შესახებ, გახარიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ ადამიანებს ამ მასშტაბით უსმენდნენ, გახარია პასუხობს:

“არა, არ მქონია. მე, როგორც პრემიერმინისტრის, უსაფრთხოების სამსახურიდან ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდიოდა გარკვეული ბრიფები.

მაგრამ ამ მასშტაბის ინფორმაცია არ მქონდა, რა თქმა უნდა”.

გახარიას განცხადებით, პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს სუს-ის გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, ამასთან, გამოძიებულ იქნას, როგორ მოხდა ამ მასალების გამჟღავნება.

“პირველ რიგში, ამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. იმ ნაწილში, სადაც ავთენტურობა იქნება დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მე ამას ვუშვებ – შეიძლება, დანაშაული იყოს დადგენილი. ეს ძალიან მძიმე დანაშაულია.რაღაც ნაწილში, გარკვეული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვიღაცებს შესაძლოა ლეგიტიმურადაც უსმენდნენ. ასეთებიც შეიძლება მოხვედრილიყვნენ იქ, ზოგიერთები. ბევრს არ ვამბობ. მეორე საკითხია, როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს მეორე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ უწყებებში ინფორმაცია როგორ მოძრაობს, კაციშვილმა არ იცის.  მესამე, უმძიმესი საკითხი იმის ნაცვლად, რომ ეს ორი საკითხი დაადგინო – ავთენტურობა და იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი, საერთოდ როგორ გაჟონა ამ უწყებიდან, დღეს რას ვხედავთ  მმართველი ძალა ამ არა მარტო მათთვის, არამედ ქვეყნისთვისაც უბედურებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და ვიღაცისთვის დამიზნებას”. -თქვა გახარიამ.