გახარია და მისი პარტია ენმ-ს ინტერესების გამტარებელია – სუბარი წალენჯიხაზე

ქართული ოცნება ეხმიანება წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის, კორნელი სალიას თავმჯდომარედ არჩევას. სოზარ სუბარის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ “გახარიას პარტია და ენმ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ”.

“ეს ორი პარტია, რეალურად, დესტრუქციული, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გიორგი გახარია ჯერ პრემიემრინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით ნაციონალურ მოძრაობასა და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა ეს ფაქტი და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად.

დღეს მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და ენმ-ს ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვისაც გაცხადდა, რომ პარტია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის – გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა”. – ამბობს სუბარი ბრიფინგზე.

ცნობისთვის, დღეს წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია, ის პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ქართულმა ოცნებამ. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.