გახარია თუ ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია – მელია

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ თუ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება უნდა, ოლიგარქი უნდა ამხილოს.

“ბატონმა გახარიამ, თუ ის პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება? ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წესწყობილება გვაქვს – ოლიგარქიული თუ დემოკრატიული. ან გვაქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები ამ ქვეყანაში, ან ავტოკრატიული. ან გვაქვს დემოკრატია, ან გვაქვს ოლიგარქია, ორივე ერთად ვერ მუშაობს, ეს ხომ აქსიომაა.

თუ გამოვიდა გახარია და თქვა, ქვეყანას მართავს ოლიგარქი, დიახ, ეს ასეა, გეთანხმებით და ფარცხალაძე ფარცხალაძეა, მუხთარლი რომ გაიტაცეს, ეს მოხდა, ის რომ მოკლეს, ის მოხდა… თუ ამხელს ნამდვილად ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია. ამიტომ, დაველოდოთ, რა ხდება და როგორ ხდება, ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ…  მთავარია, პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი..”,– აცხადებს მელია ტვ პირველთან ინტერვიუში.