გახარია-პომპეოს საუბრის ფონზე ოპოზიციის სპეკულაციები უფრო სასაცილო ხდება – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერმინისტრი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემდეგ ოპოზიციის სპეკულაციები საქართველო–ამერიკის პარტნიორობაში ხინჯის შესახებ უფრო სასაცილო ხდება.

“მხოლოდ გუშინდელი სატელეფონო საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, ამის ფონზე, მხოლოდ ამ ერთი კონტაქტის და მისი შინაარსის ფონზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები და განცხადებები, რომ აშშ თავს ანებენს საქართველოს და ქართველ ხალხს და რომ ამ მეგობრობაში და პარტნიორობაში ჩნდება რაღაც ხინჯი, – თქვა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.