გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ – ხატია დეკანოიძე ვაშაძეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ენმ–დან გრიგოლ ვაშაძის წასვლაზე და მის განცხადებაზე ამბობს, რომ “გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ”.

“არ მინდა ვიყო მკვახე, მაგრამ აუცილებელია ვიყო გულწრფელი. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას”, – ამბობს დეკანოიძე ფორმულასთან საუბრისას.

დეკანოიძე წუხილს გამოთქვამს, რომ პარტიასა და ვაშაძეს შორის პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა.

ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა, ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ – დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში.  სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ”,– წერს დეკანოძე ფეისბუქზე.

გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მან განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა და პარტიაში მყოფი ოდიოზური ფიგურები.