გერმანიაში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსის გავრცელება გააქტიურდა

გერმანიაში, სადაც ოთხშაბათიდან ხელისუფლებამ შემზღუდავი ზომები შეამსუბუქა, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით ვირუსის საბაზო რეპროდუქტიული მაჩვენებელმა, R–მა  1.1–ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ათ ინფიცირებულს ახლა 11 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. მანამდე რეპროდუქციის სიჩქარე ერთზე ნაკლები იყო.  ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსი 169 ათას ადამიაზე მეტს დაუდგინდა. გარდაიცვალა 7395.

ინფექციის აფეთქება ბოლო დღეებში ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის  და შლევზიგ–გოლშტეინის მიწებზე მდებარე ხორცკომბინატებში შეინიშნება. ხელისუფლება იძულებული გახდა ეს საწარმოები დაეხურა. ტიურინგიაში 100 000 მოსახლეზე ახლა 80–ზე მეტი ინფიცირებულია.

შემზღუდავი ზომების შემსუბუქების შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა და 16 ფედერალური მიწის ხელისუფლებებმა 6 მაისს მოილაპარაკეს. სხვათა შორის, კანცლერი არ გამორიცხავდა კარანტინის რეჟიმის დაბრუნებას იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის ახალი კერები დაფიქსირდებოდა.

ახლა  ასეთი სცენარის ალბათობა გაიზარდა. ამ ფონზე ქვეყანაში შემზღუდავი ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების მონაწილეები, რომელთაგან ერთ–ერთი შტუდგარტში გაიმართა ამბობენ, რომ მათი თავისუფლება საფრთხეშია, კორნავირუსის საფრთხე კი გაზვიადებული.