გერმანია ესტონეთს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის უფლებას არ აძლევს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანია ესტონეთს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის უფლებას არ აძლევს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო მიიღეს.

“შეიარაღების ექსპორტის პრინციპი ერთია, მოდის ის პირდაპირ გერმანიიდან, თუ მესამე ქვეყნიდან. ამ მხრივ ჯერ ნებართვა არ გაცემულა. შეუძლებელია პროცესის შედეგების გამოთვლა”, – თქვა WSJ-სთან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა იარაღის ექსპორტის ნებართვასა და უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებაზე.

საუბარია D-30 ტიპის ქვემეხებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაამზადეს და  განლაგებული იყო ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში-გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1990 წელს ამ ქვემეხების ექსპორტირება ბერლინმა ფინეთში მოახდინა, რომელიც შემდეგ 2009 წელს, ესტონეთს გადაეცა.