გვარამიას ნომერი ისედაც გვაქვს, თქვენი ნომერი გამოაცხადეთ – იოსელიანი წულუკიანს

“გვარამიას ნომერი ისედაც გვაქვს, თქვენი ნომერი გამოაცხადეთ”, – ასე პასუხობს ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელი ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს.

“ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს, კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ, იმ ადამიანების სატკივარს და იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც უყურებს დღეს ამ ეკრანს და ელოდება, რომ მათ პრობლემებზე და მათ სიღარიბეზე იქნება საუბარი.

კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს მართლა გამოაცხადებთ, იმიტომ რომ თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავის ნომერი დადო, გვარამიას ნომერი უკვე ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ გვექნება, იქნება მხოლოდ კარგი”,– თქვა პარლამენტის სხდომაზე იოსელიანმა.

ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ჰკითხა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში რას აკეთებს.

ამის შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ტელეფონზე ზარები არ ჩერდება. ის მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებას პოლიტიკური დევნის მორიგ მტკიცებულებად მიიჩნევს და სახალხო დამცველს და საელჩოებს მიმართავს.