გვსურს მივიდეთ შედეგთან, როდესაც ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს – თალაკვაძე

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დამთავრდა. ოცნების ერთერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტიებმა ერთმანეთთან არგუმენტები გაცვალეს.

“ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, დღევანდელი შედეგებიც გარკვეულწილად ამას ემსახურებოდა. გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა, ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ. უნდა აღვნიშნო აშშ-ს ელჩის და ევროკავშირის ელჩის მხარდაჭერის პოზიტიური მნიშვნელობა. მათ მხარდაჭერა გამოხატეს, იმისათვის რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია”,- ამბობს თალაკვაძე.

მისივე განცხადებით, ქართულ ოცნებას სურს იმ შედეგამდე მივიდეს, როდესაც ყველა პარტია არჩევნების შედეგს პატივს სცემს.

“პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი რაუნდი შედგება  პოლიტიკური კონსულტაციების უახლოეს დღეებში. რაც შეეხება იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის კითხვა, რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. ჩვენ გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.