გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

პოლიტიკოსი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

უგულავა ექსპრეზიდენტის ადვოკატებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას ითხოვდა, რასაც მოსამართლესა და უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

უგულავა ასევე ითხოვდა, სასამართლო პროცესის ლაივ ტრანსლაცია მომხდარიყო სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომაზე არ მიიყვანეს. ამის მიზეზად პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ შესაძლოა, სასამართლო დარბაზში ესკორტირებისას მოხდეს “დესტრუქციული ხასიათის ქმედება”, ასევე, პრობლემა შეექმნას სააკაშვილის ჯანმრთელობას.