გინესის რეკორდების წიგნმა პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ტყუპები დაასახელა

იაპონელი დები, რომლებიც 107 წლის და 300 დღის წინ დაიბადნენ პლანეტაზე ამჟამად მცხოვრებ ყველაზე ხანდაზმულ ტყუპებად დასახელდნენ და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ.

უმენო სუმიიამა და კოუმე კოდამა 1913 წელს კაგავას პრეფექტურის კუნძულ სიოდოზე დაიბადნენ. უმენოს ოთხი შვილი ყავს, კუმეს სამი. ამჟამად ისინი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ხანდაზმულთა სახლებში ცხოვრობენ. კორონავირუსის პანდემიის გამო მათ სერთიფიკატები ფოსტით გაეგზავნათ.

ახალი რეკორდი ხანდაზმულთა პატივისცემის დღეს მიეძღვნა –  ეს არის იაპონიის ნაციონალური დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.

უმენო სუმიიამამ და კომე კოდამამ წინა რეკორდი მოხსნეს, რომელიც 2000 წელს იაპონელმა ტყუპმა დებმა, კინმა და ჯინმა დაამყარეს. ისინი 107 წლის და 175 დღის იყვნენ. კინი 2000 წლის იანვარში გარდაიცვალა, ჯინი კი ერთი წლის შემდეგ, 108 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლო წლებში ტყუპი დები პოპულარულები გახდნენ.

იაპონია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობით პირველ ადგილზეა. ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი 100 წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით ამჟამად პლანეტაზე მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ქალი 118 წლის არის. ეს ტიტულიც იაპონელ ქალს, კანე ტანაკას ეკუთვნის. ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი კი 1908 წელს დაბადებული პუერტორიკოელი ემილიო ფლორეს მარკეზია. ის 112 წლის არის.

პლანეტაზე ყველა დროის ყველაზე ზანდაზმული ადამიანის ტიტული ფრანგ ქალს, ჟანე კალმანს ეკუთვნის. ის 122 წლის და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა. მამაკაცებს შორის რეკორდი იაპონელმა ტიტეჯუ ვატანაბემ დაამყარა, რომელმაც 116 წელი და 54 დღე იცოცხლა.