გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს -პროკურორი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით, არ არსებობს ახალი გარემოება იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძების სახე შეიცვალოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის სამი მოწმე – რურუას მანქანის ჩხრეკაში მონაწილე ორი ექსპერტი და პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიკითხება.

„გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დღეს დავკითხავთ სამ მოწმეს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, არ არსებობს. რაც შეეხება სამხილებს, რაც აქამდე არსებობდა ბრალდების მხრიდან, ძალაშია“,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საერთაშორისო გამოხმაურების გამო, გიორგი რურუა გათავისუფლდეს, პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მხლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს.

„ბრალდების მხარე ხელმძღვანელობს იმ მტკიცებულებებით, რაც სისხლის სამართლის საქმეშია და აფასებს მის საფრთხეებს, რაც ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს, როდესაც აღკვეთის ღონისძიებას ეხება საქმე. შესაბამისად, ჩვენ ამ გარემოებებით, ამ მოცემულობით ვხელმძღვანელობთ და აღკვეთის ღონისძიების გაუქმების რაიმე საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ. დაკითხულია ბრალდების მხარის მოწმეების მხოლოდ მესამედი, დასაკითხია მოწმეების კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა. შესაბამისად, არსებობს მტკიცებულებები“,- განაცხადა ვასილ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, შეცვლის თუ არა სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას – დღეს გახდება ცნობილი. გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.