“გირჩის მღვდლებმა“ მართლმადიდებელ ეკლესიაში დასაბრუნებლად სინანულის და შენდობის ფურცლები უნდა წარადგინონ– საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის, “ბიბლიური თავისუფლების” “იმ წევრებს მიმართავს, რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება სურთ. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდებმა, ამისათვის, მღვდელმსახურებს უნდა მიმართონ, მოინანიონ და სინანულის ფურცელი შეავსონ.

“ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, ჰმართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.

მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად.

აქვე ვურთავთ სინანულისა და შენდობის ფურცლების ნიმუშებს:

სინანულის ფურცელი (განცხადება)

მე, (სახელი, გვარი), რომელიც გაწევრიანებული ვიყავი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტულ ეკლესია – ბიბლიურ თავისუფლებაში“

სასულიერო პირის სტატუსით, მსურს კვლავ დავუბრუნდე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს. ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას.

შენდობის ფურცელი

შენდობის ფურცელი ეძლევა (სახელი, გვარი) ნიშნად იმისა, რომ დატოვა რა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“, რომელშიც გაწევრიანებული იყო სასულიერო პირის სტატუსით, და გამოხატა რა სინანული თავისი ქმედებების გამო, ნებაყოფლობით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს.

ეპისკოპოსის ან მღვდლის ხელმოწერა, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდების ჯარისგან დახსნის მიზნით დააფუძნა.

2021 წლის 12 თებერვლის წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ გირჩის რელიგიური  ორგანიზაციის წევრებისთვის ზიარება და წესის აგება აკრძალა.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.

ამიტომაც განვმარტავთ: საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;

ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.

სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცყოფად.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება…) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.

შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვსმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას.“– ნათქვამია სინოდის განჩინებაში.