ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, “მაღალტექნოლოგიური არ არის”, ამიტომ შესაძლოა მათ დახმარება დასჭირდეთ
„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია.
ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას, ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტი გუშინ გადაიყვანეს. სახალხო დამცველის დასკვნით, აღნიშნული საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის დასკვნას, ამიტომ ის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ ალტერნატიულ კლინიკაში.