გუშინ, ცნობილი გახდა,რომ ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს. ფოტოები Forum.ge–ზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ბაგირით და ანკერებით ცდილობენ ფერდის შეკავებას თუმცა, მეწყერის მაშტაბი იმაზე ბევრად დიდია ვიდრე, გუგლის ფოტოებზეა მონიშნული. გეოლოგები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ თბილისის მერიას, რომ კონკრეტულად ამ ფერდზე არ გაეცათ ნებართვები და არ გადაეტვირთათ მშენებლობებით რადგან ამ საფრთხის წინაშე დადგებოდა ქალაქი.
გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე დაიწყო უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირება, რადგან უზარმაზარ ფერდზეა საუბარი. წვიმიანი ამინდები ფერდის სრულად მოწყვეტას დააჩქარებს, ხოლო სრულად მოწყვეტის შემდეგ ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, რომლის შემდეგაც, ჯერ შეაგუბებს და მერე ერთიანად დაარტყავს ორივე სანაპიროს რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება.
სამოქალაქო აქტივისტი, ოთარ ალაშვილი სოციალურ ქსელში დამეწყრულ ზონაზე საგანგაშო პროგნოზს აქვეყნებს. მისი თქმით, ვაშლიჯავარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მიწის ფართობი, მილიონ სამასი ათასამდე კუბურ მეტრ მეწყრულ მასას შეადგენს.
“აჰა გეოლოგიის და სამთო ინჟინერიის ფეისბუქ პროფესორობას გაგიზიარებთ ზ ნუ ეგრე იტყვიან მერიაში , გავრცელებული ფოტოებიდან მთელი ეს მონაკვეთი იმეწყრება თავიდან მარტო ზედა სამკუთხედი მეგონა მაგრამ დაბლაც დაძრულია …
ანუ ეს ფართობი რომ მოწყდეს მივიღებთ მილიონ სამასი ათასამდე კუბურ მეტრ მეწყრულ მასას რაოდენობა ადვილად რომ წარმოიდგინოთ მაგალითა მოვიყვან
მტკვირის კალაპოტი არის 80 მეტრამდე განში მეტრამდე რომ დავფაროთ ამ მასით სიმაღლეში 16.2 კილომეტრზე გაიშლება ანუ გლდანის ხიდებიდან სადღაც ორთაჭალის ბოლო ხოდამდე გაწვდება , ფაქტიურად მთელი თბილსის გამაგრებული მტკვრის კალაპოტის ავსებაა შესაძლებელი…”- წერს ოთარ ალაშვილი სოციალურ ქსელში.
გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი რომელიც დღეს დილიდან ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ ადგილზე მიმდინარე პროცესების გამო ფერდობს საყრდენი გამოეცალა და სწორედ ამან გამოიწვია მეწყერი. საშიშროებას წარმოადგენს დაძრული მიწის მიმდებარედ, მიწის სხვა მონაკვეთიც, რადგან მათაც გამოეცალათ საყრდენი. ის სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე.
გეოლოგი გიორგი ბოიჩენკო, რომელიც დილიდან ადგილზე აკვირდებოდა მეწყრულ პროცესს, ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ეს გზის სამშენებლო ღონისძიებებს უკავშირდება.მან ასევე აღნიშნა, რომ წყლის მილების მიწაში ჩაწყობისას დაახლოებით, 10-15 მეტრის მიწა გამოაცალეს ფერდობს, რამაც გრავიტაციულ პროცესებს შეუწყო ხელი.