გორის მუნიციპალიტეტმა გენადი ბესტაევს მკურნალობა არ დაუფინანსა – გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გენადი ბესტაევს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში 16 ნოემბერს გადამოიყვანეს, გორის მუნიციპალიტეტმა მკურნალობა არ დაუფინანსა.

“ბესტაევის შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი, სახელმწიფოს მიერ მიტოვებული მოქალაქე როგორ ებრძვის მე-3 კვირაა რეანიმაციაში სიკვდილს. სამწუხაროდ, ალბათ კიდევ დიდხანს მოუწევს წოლა. იმის მაგივრად, რომ პრობლემა არ ჰქონოდა… არავინ ჰყავს პატრონი. ამოიწურა ლიმიტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი და ჰაერშია დარჩენილი. გორის მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა სამედიცინო მკურნალობაზე, არ დაუფინანსა. დღეს შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში, ალბათ მოხდება ამის დაფინანსება.

ადამიანი, რომელიც 2 წელი იმყოფებოდა ტყვედ, სახელმწიფოსგან მიტოვებული, დღეს უნდა ეძებდეს მისი პატრონი ფულს, რომ როგორმე ის გადარჩეს?!”,– ამბობს გაფრინდაშვილი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ოკუპანტებმა 2019 წლის 21 ნოემბერს გაიტაცეს.