გოცირიძე: რას ვწვალობთ ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით? ან შედიხარ, ან არა!

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საზოგადოებას ამოუვიდა ყელში იმაზე მსჯელობა, უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში.

“ქვეყანა ნახევარი წელიწადია დაპაუზებულია. ვის აინტერესებს ან ეკონომიკური გასაჭირი ან პანდემია. ნახევარი წელიწადია ყველა საშუალება, რომლითაც იყურება, რომლითაც ისმინება, რომლითაც იწერება ერთსა და იმავე ამბავს ყვება, ერთი და იმავე ადამიანების მონაწილეობით. ამოუვიდა ხალხს ყელში ოციოდე სახის ყოველდღიური ყურება და იმაზე ზეემოციური მსჯელობა, “შევიდეთ თუ არ შევიდეთ”,– წერს ის.

მისივე განცხადებით, ენმ “საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით წვალობს”.

უცხოელების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგვიძლია, ეს კარგად დავინახეთ. რას ვიზამთ, ახალშობილი სახელმწიფო ვართ, სხვისი დახმარების გარეშე თავისუფლად სიარული რომ ჯერაც არ შეგვიძლია. გაგვიშვებენ ხელს (ამ ხელში ფინანსური მხარდაჭერაც იგულისხმება)-მოვიტეხავთ კისერს.

თითქოს მორჩა ერთი ისტორია. შევათანხმდით რაღაცაზე. ისევ უცხოელების მოწოდება და ახალი “ფასილიტაციაა” საჭირო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ? იმდენი ელექტროენეგია დაიხარჯა ამ ამბის გაშუქებაში, ორი ნამახვანი არ ეყოფოდა. რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს? არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი. ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა!”,– წერს გოცირიძე Facebook–ზე.

ცნობისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, შევა თუ არა პარლამენტში.