გუშინდელი დღე უფრო ოპოზიციის დამარცხებად გაფორმდა – ხუხაშვილი

გუშინდელი დღე უფრო ოპოზიციის დამარცხებად გაფორმდა – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლების და მათ შორის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

„ღარიბაშვილი გარკვეულწილად ხარკს უხდის ისევ თბილისში ჩაბუდებულ უკომპრომისო ქორებს და მისი განცადებები გასაგებია. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს განცხადებები შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არც შეიცვალოს. ოპოზიციას ჰქონდა უფრო მაჟორული მოლოდინები და ეს არ გამართლდა. ოპოზიცას არ ესმის მარტივი რამ, რომ ბრიუსელი უპირობოდ მხარე ვერ გახდება. რატომღაც ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელი გახდებოდა მხარე, უარყოფდა თავისივე სადამკვირვებლო ინსტიტუტების დასკვნას და ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს. არ შეიძლება ეს მომხდარიყო, ეს იყო ილუზია. შექმნეს მოლოდნები, რაც არ გამართლდა. გუშინდელი დღე გაფორმდა ოპოზიციის უფრო დამარცხებად, ვიდრე გამარჯვებად. საღად რომ შევხედოთ, რა უნდა ეთქვა ევროპას, რა უნდა ეთქვა ბორელს. როდესაც მას უდევს ეუთო-ს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციას კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია. წარმოადგინეს რამე, გარდა რწმენისა, რომ არჩევნები გაყალბდა? არ იმუშავეს საერთოდ იმაზე, რომ კომპეტენტური საბრალდებო დასკვნა დაედო არჩევნებთან დაკავშირებით. სიტყვაზე ნდობის დონეზე დარჩა ოპოზიცია და ეს დრო ფუჭად დაკარგა. ასე რომ, ყველაფერი კანონზომიერად ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პრობლემები არ აქვს. რა თქმა უნდა, აქვს პრობლემები და თან სერიოზული. დანარჩენს დანიელსონის საბოლოო შეთავაზებაში ვიხილავთ, რა ხდებოდა რეალურად კულისებს მიღმა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.