პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმ ადამიანებს, ვინც სახლში დარჩა და ტაძარში რეკომენდაციები დაიცვა, მადლობას უხდის. მისი თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა.
,,გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!
გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას!
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ. მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ჩვენს პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს პირად ინტერესზე მაღლა, საზოგადოებრივ ინტერესს და კეთილდღეობას აყენებთ”,- აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, წინ მძიმე ბრძოლაა, მაგრამ ერთიანობით ამ გამოწვევას ქართველი ხალხი დაძლევს.
,,წინ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებით და ერთიანობით, ჩვენ ამ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ. სწორედ ასე, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით და ერთობლივი ძალისხმევით შენდება წარმატებული სახელმწიფო!
კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს”,- წერს გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.