გუშინწინ გვარამიამ დატოვა არხი, გუშინ მიბრუნდა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ გუშინწინ ტელეკომპანია მთავარი დატოვა, გუშინ კი უკან დაბრუნდა. ის ვერ განმარტავს, რატომ შეიძლებოდა გვარამიას ეს გაეკეთებინა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კრიტიკული მედიის მფლობელებს “ურეკავს და აშანტაჟებს, რომ არ მისცემს ფულს.”

“ჟურნალისტების მთელმა სამყარომ კარგად იცის, რომ გუშინწინ საღამოს ბატონმა გვარამიამ დატოვა თავისი არხი, ბოდიში მოუხადა თავისი მესიჯით… უარყო, მაგრამ ეს მართალია. წყაროს გაუთქმელად ვახმოვანებ. მეორე დღეს მიბრუნდა”,– თქვა მდინარაძემ “იმედის” ეთერში.

“იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მთავარი არხი დღეს აქ არ გამოჩნდებოდა, ან იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მე აღარ ვიყავი მთავარი არხი და აქ არ გამოვჩნდებოდი, ვინ არ გამოჩნდება ძალიან მალე, ვის წინაშე დაიხურება ყველა კარი, ეს არის საქართველოს დღევანდელი მთავრობა და მისი პრემიერი ღარიბაშვილი”,– თქვა ნიკა გვარამიამ გუშინ, პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა გარკვეულ მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გვარამია “მთავარ არხს” ტოვებს, თუმცა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ამას არ ადასტურებს.