გუშინ, შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, დღეს ისე რა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეხვედრიდან მეორე დღეს მოლაპარაკების მაგიდის “ჯანჯღარი დაიწყო”.

“გუშინ საღამოს ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი შეხვედრის შემდეგ, დღეს ისე რა, ვინაიდან, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ისევ ორივე მხარემ დაიწყო მოლაპარაკების მაგიდის ჯანჯღარი. გუშინ იყო ძალიან კეთილგანწყობილი გარემო. მე ორივე შეხვედრაში ვმონაწილეობდი, ერთი, როდესაც მხოლოდ ოპოზიციასთან შეხვედრა იყო და შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში იყო ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, ოპოზიციის თანდასწრებით.

ძალიან, წარმოუდგენლად დარბილებული ლექსიკით საუბრობდა ღარიბაშვილი, ოპოზიცია უფრო შემტევი იყო ბუნებრივია, მაგრამ იყო კეთილგანწყობილი და კორექტული გარემო”,– ამბობს ელისაშვილი ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაიმართა. მხარეები 6 საკითხზე შეთანხმდნენ, რაზეც მოლაპარაკება გაგრძელდება. დღეს ღარიბაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია.