დაადასტურეს, რომ სამართალდამცავების ფუნქციას ითავსებდნენ ივანიშვილის თანამშრომლები – მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ეხმიანება პროკურატურის განცხადებას, რომელიც ტელევიზიას აუდიოჩანაწერების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს.

მელაძის თქმით, უწყებამ დაადასტურა, რომ სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა.

“საქართველოს პროკურატურა როგორც ჩანს დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყო იმ რეალობით, რომელიც შეიქმნა ბერა ივანიშვილის საჯარო აღიარებით. მან თქვა, რომ ასე იქცეოდა და ასე მოიქცევა კიდეც. პროკურატარამ გვითხრა, რომ ჩადენილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაული ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომ ისინი ნამდვილად, მაშინ, როდესაც ნადირობის სეზონი იყო გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილზე, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა, დადიოდნენ კარდაკარ და ეძებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში”

პროკურატურამ დაადასტურა, რომ არაფორმალური გარჩევები ეწყობოდა და სამართალდამცავების ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა არაუფლებამოსილ პირებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს”,– თქვა მელაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საინტერესოა, გამოიკითხნენ თუ არა ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე.

პროკურატურის მტკიცებით, “TV პირველის” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ფრაზები “მინისტრები” და “ტრი ტრი” სიტყვების მონტაჟის შედეგად არის მიღებული.

მათივე განცხადებით, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერები 2011–2012 წლებშია ჩაწერილი.