დაანონსებულია 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება ბათუმში – ირაკლი კუპრაძე

“დაანონსებულია 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება ბათუმში”- ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ლიდერმა, “მთავარი” არხის ეთერში ისაუბრა.

”ბათუმში, უნებართვოდ არის აშენებული 12 უზარმაზარი კორპუსი, რომელიც სინამდვილეში არის ყაზარმული სახის, დახურული, შესვლა არ შეიძლება. ამ ყველაფერს აშენებს ცნობილი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი, რომელიც თითქოსდა თურქეთიდან წამოვიდა, მაგრამ იქ არის ძებნილი მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის, მკვლელობისთვის. რა უნდა მოხდეს ყაზარმული ტიპის ლამის უფანჯრო, უაივნო კორპუსებში? ეს არის ახალი ტიპის უზარმაზარი კორუფციული სქემა პერსონალურად გალიფ ოზთურქის, ბიძინა ივანიშვილისა და რომელიღაც დიდი ჩინური კომპანიის, რომელთაც გადაწყვიტეს დიდი რაღაც ტიპის IT სივრცის შექმნა, რომელიც იქნება ე.წ. ფიშინგის ქოლცენტრის ახალი კერა, იქნება ონლაინ კაზინეობი ფიშინგით და, მათ შორის, კიბერდანაშაულის ახალი კერა. ძალიან საინტერესო საკითხია ის, რომ ქალაქის სავიზიტო ბარათებად ქცეული სასტუმროები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მრავალწლიანი იჯარით აიღეს იმ პირებისთვის, რომლებიც ამ კორპუსში უნდა შესახლდნენ. რატომ გაჩნდა სხვაგან დასახლების სურვილი, პერსპექტივა და შესაძლებლობა? იმიტომ, რომ ჩინეთმა გამოაძევა კრიმინალური ჯგუფები და გადმოინაცვლეს ბათუმში, ქუჩაში ერთმანეთს უსწორდებიან. რამდენიმე საავადმყოფოში საიდუმლოდ გადაჰყავთ და შემდეგ არც კი აქვეყნებენ ინფორმაციას ამ კრიმინალური გარეჩევების შესახებ. ადამიანები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან, გვეუბნებიან, რომ გარეთ არ უშვებენ და მხოლოდ ღამით გამოდიან. ბათუმში ყველამ იცის ამის შესახებ. ქსენოფობია ჩახსნილია ამ პროცესიდან სრულიად და მე არ ვიქნები იმ ადამიანის თანამოაზრე, რომელიც ეროვნების სეგმენტში გადაიტანს, მაგრამ მარტივია – დაანონსებულია 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება ბათუმში, შიდა წყაროებიდან ვიცი და იმ სასტუმროების ოდენობა, რომელიც იჯარით არის აღებული, ამაზე მიუთითებს.”- განაცხადა კუპრაძემ.