დაედოს ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონს – “სტრატეგია აღმაშენებელი” სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

“დაედოს ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონს ” – “სტრატეგია აღმაშენებელი” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კანონის ცვლილებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. პარტია, პრეზიდენტს, აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვს. პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ვეტოზე უარის თქმის შემთხვევაში, ის ახალ კანონპროეტს თავად დააინიცირებს, რომელიც მიღებული კანონის შეცვლას შეეცდება.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი. მას უნდა გააპაროს ასეთი ცვლილებები, სანამ ჩვენ სრულფასოვნად დავიწყებთ პარლამენტში მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი და მეორე, ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ნახეთ, რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით.

აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და კოდექსს უფრო რეპრესიულს ხდის.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლოდინები არ გაამართლა.