დავაკავეთ კაცი, რომელმაც დიდუბის მეტროსთან 3 პირი დაჭრა – შსს

შსს-მ დააკავა 1994 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც, უწყების ცნობით, დიდუბის მეტროსადგურთან ცივი იარაღით 3 ადამიანი დაჭრა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი დახმარება.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.ბ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”,– აცხადებს შსს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.