დავაკავეთ პირი, რომელიც სახელმწიფო ქონებას მოტყუებით დაეუფლა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფო ქონებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლას ედავებიან.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთში საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაციის დროს დოკუმენტაციაში გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რის შედეგადაც 7 303 ლარს უკანონოდ დაეუფლა”,– აცხადებს უწყება.

მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და 362-ე პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.