დაველოდებით სამართლებრივ შეფასებას – კობახიძე რუსეთის ქმედებებს გენოცდის არ უწოდებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოცდის მანამდე არ უწოდებს, ვიდრე ამის სამართლებრივი შეფასებები გაკეთდება.

მისი მტკიცებით, ამის შესახებ ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის საერთაშორისო თანამეგობრობაში, მაგალითად კი მაკრონის განცხადება მოჰყავს.

“ჯერჯერობით, ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არა აქვს, გახსოვთ, დღეს იყო, მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებაზე. ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ჰააგაში საჩივრის თანაავტორი ვიყავით, დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები”,– აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სიფრთხილით ეკიდება გენოციდის მსგავსი სიტყვების გამოყენებას უკრაინასთან მიმართებით, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან. მისი განმარტებით, სურს ომის შეჩერება, ამიტომ არ არის დარწმუნებული, რომ “რიტორიკის ესკალაცია ამ მიზანს ემსახურება”.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკრონს უპასუხა, რომ უკრაინელ და რუს ხალხს შორის “ძმობის” მითი 24 თებერვლის შემდეგ დაიმსხვრა.