“დავითგარეჯი ალიევს სააკაშვილმა დაუთმო” – ჯონდი ბაღათურიამ პროკურატურას ჩვენება მისცა

“დავითგარეჯი ალიევს სააკაშვილმა დაუთმო” –  დღეს  პროკურატურას დავითგარეჯის საქმეზე ჩვენება მისცა ჯონდი ბაღათურიამ. მან დავით დარჩიაშვილთან ერთად კიდევ დაასახელა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი და მიუთითა, რომ დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს აღიარა.

“საზოგადოებრივმა არხმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის 2007 წლის აღიარებითი ჩვენება, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ შეუთანხმდა პრეზიდენტ ალიევს იმაზე, რომ სტრატეგიულ სიმაღლეს დაუთმობდა აზერბაიჯანის მხარეს. ეს არის ზუსტად ის, რა ბრალის დაზუსტებაც მოახდინა პროკურატურამ. რომ მელაშვილი და ილიჩოვა, რა თქმა უნდა, არიან მოღალატეები, მაგრამ ისინი ასრულებდნენ ზემდგომის დავალებას და ზემდგომი არის მიხეილ სააკაშვილი”.-  ამბობს ჯონდი ბაღათურია.

28 იანვარს, მაშინ, როცა პროკურატურამ სასამართლოში ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ გამოძიების მთელი აქცენტი დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ არის მიმართული. მისი თქმით, “დადგინდა მოტივი, რომ ბრალდებულები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად”.

ხვალ, 3 თებერვალს გამოკითხვაზე დაბარებულია დავით დარჩიაშვილი. მისი პროკურატურაში დაბარება 2012 წელს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. მაშინ დარჩიაშვილი ჯონდი ბაღათურიამ მოღალატეობრივ საქმიანობაში დაადანაშაულა.

“მაშინ გაიჟღერა იმან, რაც დღეს ისმის – სამშობლოს ყიდიო. ზუსტად პოლიტიკური მოსაზრებებით, რომ ვიღაცამ ქულები დაიწეროს ან ვიღაცას შავი პიარი აუგორდეს. ამის პასუხად მე ვთქვი, რომ 1921 წელს სერგო ორჯონიკიძის და იოსებ სტალინის მიერ შეცვლილ საზღვრებს ვის აბრალებთ. დღეს, თნ შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, კომისია მუშაობს, რომ უშუალოდ კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობის ადგილას საჩვენოდ დაკორექტირდეს ის საზღვრები, რომელიც დატოვა ორჯონიკიძემ და სტალინმა. ამით იყო დაკავებული ივერი მელაშვილი და ამისთვის მიიღო პატიმრობა, დევნა. ეს არის საბჭოთა კავშირი, რომელიც, როგორც ჩანს, არსად წასულა”. – განაცხადა დარჩიაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.