დავფქვით ყველაფერი პირდაპირ ეთერში, მრცხვენია – ზილფიმიანი რეზოლუციაზე

“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, დავით ზილფიმიანი უარს ამბობს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობაზე.

მისი თქმით, რცხვენია, რომ დეპუტატები საჯაროდ მსჯელობენ რეზოლუციის ტექსტზე, რაც, მისი შეფასებით, დიპლომატიურ ნორმებში არ ჯდება.

“მე ვიცი, რომ როდესაც რაღაც რეზოლუცია კეთდება, ამას იღებს ქვეყანა იქიდან გამომდინარე, როგორ უნდა ამა თუ იმ ქვეყანამ გაიგოს. და არავინ საქვეყნოდ, პირდაპირ ეთერში არ მსჯელობს თითოეული სიტყვის მნიშვნელობაზე. დიპლომატიაში სწორედ ეს არის, რომ ჩვენ დახურულ ფორმატში უნდა დავმსხდარიყავით, მიგვეღო ტექსტი, რაც გვინდოდა, რომ ჩვენს მტერსაც, მოყვარესაც, პარტნიორსაც ისე გაეგო, როგორც ჩვენ გვინდოდა გვეთქვა.

მას შემდეგ, რაც დავფქვით ეს ყველაფერი და ამდენი სისულელე ვილაპარაკეთ, ჩემი აზრით, საერთოდ აღარ არის საჭირო [რეზოლუცია]. მე პირადად მრცხვენია ის გაშიფვრები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენი პარტნიორების თვალში მრცხვენია, მტრებს ხო ისედაც გაუხარდებათ. ამიტომ მიმაჩნია რომ ასეთი ფორმით არ უნდა გრძელდებოდეს რეზოლუციები და უარს ვამბობ განხილვაში მონაწილეობაზე”,– ამბობს დავით ზილფიმიანი.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავს. ქართულ ოცნებას სურს, მიიღოს რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.