დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც – ხვიჩია მელიაზე

“დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც” პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობისთავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მას “ცუდი” სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ საჯაროდ ცდილობდა იმის დაზუსტებას, მელია მართლა დაემუქრა თუ მან “გაბრაზებულზე” იცის ასე ლაპარაკი.

“დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა სამწუხაროდ, მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო: მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი?

მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია, მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა, მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მინდა მივმართო პარლამენტს თუ ვისაც არ უნდა იყოს იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს. იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად ვერ ვიქნები და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს? ასეთი ადამიანი არა ვარ  უბრალოდ, რომ არ გამლახოს, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. პარლამენტის წევრს მაქვს. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, ამიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებში გამოწვევით, თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია მაგით მე მომეჩვენა, შეიძლება არ მემუქრებოდა”, – თქვა მან.