დანიელსონი დარჩა იმდენ ხანს, რამდენიც დაგვჭირდება – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პირადი წარმომადგენელი თბილისში რამდენ ხანს დარჩება, რამდენი ხანიც მხარეებს შეთანხმებისთვის დასჭირდებათ.

“მთავარი ამბავია, რომ დანიელსონი დარჩა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი. ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებებს. სინამდვილეში, ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ეს შეთანხმება ვერ შედგებაო – ეს არის მესიჯი, ანუ რეალურად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს.

ყველა საკითხზე არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა, მაგალითად, აი, ჩემთვისაც მოულოდნელი და მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს შემოვლითი გზა, ანუ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, უბრალოდ მხარეებმა თავის თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგან ნაბიჯი უკან და თავის მომხრეებს აუხსნან თავისი პოზიციები“, – განაცხადა მეგრელიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ბრიუსელში “სავსე ხელებით” ჩავა, ხოლო ოპოზიცია “ცარიელი ხელებით” დარჩა. ამის შემდეგ დანიელნსონმა თქვა, რომ თბილისში რჩება.