დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ სააღდგომო ლიტურგიისას ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, რადგან მასობრივი ჩავშეყრა იქნება ტაძრებში.
მისი თქმით, ამ დღეებში კორონავირუსის გადადების ძალიან მაღალი რისკია ეკლესიებში.
,,ამბობენ, რომ ეკლესიებში დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ ვერ იქნება დაცული, როდესაც მასობრივი თავშეყრა იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი ინფიცირებულია გარდა ამ 336-სა არის დაუდგენელი, გამოუვლენელი ადამიანები, რომლებიც ინფექციის მატარებლები არიან და გადამდები არია. ამის გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში ეკლესიებში”, — განაცხადა გამყრელიძემ.
მან საპატრიარქოს თხოვა, წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩაატარონ.
,,გარდა ამ 336 ადამიანისა, ვიცით რომ არიან გამოუვლენელი ინფიცირებულებიც, რომლებიც არიან ინფექციის მატარებლები და გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში, სწორედ ეკლესიებში.
ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ და პატივცემულ ინსტიტუციას ქვეყანაში და ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.
პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.