“დასავლეთი არ აპირებდა რუსეთზე თავდასხმას”–ბაიდენმა პუტინს ვარშავიდან უპასუხა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კიევი მტკიცედ დგას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელები სათანადოდ ვერ შეაფასა.

“ერთი წლის წინ მსოფლიო კიევის დაცემას ელოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ის დგას, ძლიერია და რაც მთავარია თავისუფალია”, – ასე დაიწყო ბაიდენმა სიტყვა ვარშავის სამეფო ციხეზე.

მისი თქმით, ავტოკრატების მადის მოთოკვა შეუძლებელია, მათ წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ და ომი უკრაინაში არასოდეს დასრულდება რუსეთის გამარჯვებით.

„რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, ვერასდროს“, – თქვა ბაიდენმა. ხალხი ამ სიტყვებს ტაშით შეხვდა.

თავის გამოსვლაში ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი არ აპირებდა რუსეთზე თავდასხმას და არ ცდილობდა მასზე კონტროლის დამყარებას.

“აშშ და ევროპული ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთის გაკონტროლებას ან განადგურებას. დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს დღეს პუტინმა თქვა. რუსეთის მილიონობით მოქალაქე, ვისაც სურს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან, არ არის მტერი. ეს ომი არასდროს ყოფილა გარდაუვალი. ეს ტრაგედიაა. პრეზიდენტმა პუტინმა ომი აირჩია. ომის ყოველი ახალი დღე მისი არჩევანია”, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის შემთხვევისთვის:

„ეჭვი არ შეგეპაროთ შეერთებული შტატების ლოიალობაში ჩვენი ნატოს ალიანსისა და მეხუთე მუხლის პრინციპის მიმართ“, – თქვა ბაიდენმა. მას მხედველობაში ჰქონდა ალიანსის წევრ ქვეყნებზე თავდასხმებზე კოლექტიური პასუხის მუხლი. ნატოს ყველა წევრმა იცის ეს. რუსეთმაც იცის: ერთ ქვეყანაზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე.

ვლადიმირ პუტინზე საუბრისას, ბაიდენმა გაიმეორა მოსაზრება, რომ რუსეთის ლიდერი, ალბათ, არ ელოდა დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გამოვლენილ ერთიანობას.

„მას ეგონა, რომ მისნაირი ავტოკრატები ძლიერები იყვნენ, ხოლო დემოკრატიული ლიდერები სუსტი, შემდეგ კი შეეჯახა ამერიკისა და მსოფლიოს ქვეყნების რკინის ნებას, რომლებმაც უარი თქვეს შიშით მართული სამყაროს მიღებაზე“, – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მოლაპარაკებები პოლონეთში

მიმართვის დაწყებამდე ბაიდენმა მოლაპარაკება გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან.

დუდამ პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს უწოდა “ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლიანი როლის ნიშანი მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოებაზე”, ხოლო ბაიდენმა  ხაზგასმით უპასუხა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. ბაიდენმა ასევე მადლობა გადაუხადა დუდას იმისთვის, რომ პოლონეთმა მიიღო უკრაინიდან ლტოლვილების რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი.

ბაიდენმა და დუდამ განიხილეს ნატოში არსებული მდგომარეობა და ბაიდენმა გაიხსენა საუბარი ვლადიმერ პუტინთან.

“როგორც ჩემს რუს კოლეგას ვუთხარი – თქვენ გინდათ ნატოს “ფინლანდიზაცია” და მიიღებთ ფინეთის “ნატოიზაციას”, არ ვიცოდი, რომ შვედეთიც შემოვიდოდა [ალიანსში]. მაგრამ, ხუმრობას თუ გვერდით გადავდებთ და დავიქრდებით, მაშინ ვფიქრობ, რომ არასდროს ვყოფილვართ უკეთეს მდგომარეობაში“, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 2010 წელს, ხოლო 2021 წელს იგი 2026 წლამდე გაგრძელდა.

START ხელშეკრულება ზღუდავს ბირთვული ქობინების, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების და ბომბდამშენების რაოდენობას რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის.

ევროპამ და ნატომ სინანული გამოხატეს ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების გამო. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „არღვევს შეიარაღების კონტროლის მთელ არქიტექტურას“.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ადასტურებს კრემლის მიზანს – ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემის განადგურებას.