პროკურატურის ინფორმაციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა. უწყება ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მას, ნაციონალური მოძრაობის სახელით, მედიასთან საჯარო განცხადების გაკეთების სანაცვლოდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ქრთამის სახით, 50 000 დოლარი შესთავაზეს.
პროკურატურის ამტკიცებს, რომ ქრთამის აღების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს, განცხადების გაკეთების შემდეგ, თანამდებობა დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა.
“ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს, უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ”, -წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: “ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე”.
ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: “რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა”
“არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება”, რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს”.
საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა.
პროკურატურამ კობალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ხუსვიკაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” წარუდგინა.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს.