დაუკრეფავში ნუ გადავა! ბოდიშის მოხდას არავინ არ აპირებს – ვაშაძე თალაკვაძეზე

კითხვაზე, არჩილ თალაკვაძე ბოდიშის მოხდას ითხოვს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აბრალებდნენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს, „დაუკრეფავში ნუ გადავა!“ მის თქმით, ბოლო დღეების განამვლობაში ხედავს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას რაღაც ულტიმატუმებს უყენებს.

„არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეორეც, ჩვენი მტკიცებულებები მხოლოდ ISFED-ს არ ეყრდობოდა, ეყრდნობოდა სხვა არასამთავრობო ორგანზიაციებს, ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც შეტანილი გვქონდა სასამართლოში და საოლქოებში და რომელთა განხილვაზეც უარი თქვა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებმა, ასევე სასამართლომ. ასევე ეყრდნობოდა იმ დისბალანსებს, რომელიც ოქმებშია. მზად ვარ მივიდე მე-5 რაუნდზე და მყარი პოზიციით გავაგრძელო მოლაპარაკებები. ცალკე ISFED-ის ანგარიში ვერ იქნება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. ამის ილუზია ნურავის ექნება. ძალიან სამწუხარო ფაქტია ISFED-სგან, რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი ნდობა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების დროს. ამიტომ მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის და დეტალურად უნდა განმარტონ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.