დაღესტნიდან ნათესავების ძალადობას გამოქცეულმა ოთხმა ქალმა საქართველოს საზღვრის გადმოლახვა მოახერხა

რუსეთ–საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შაბათს მესაზღვრეებს რუსული მხრიდან ათ საათზე მეტხანს ყავდათ დაკავებული დაღესტნელი დები, რომლებიც ნათესავების მხრიდან ძალადობას გამოექცნენ. უფლებადამცველების დახმარებით მათ საბოლოოდ რუსეთის დატოვება და უსაფრთხო ადგილამდე მისვლა შეძლეს – წერს ბიბისი და გოგოების შესახებ რეპორტაჟს აქვეყნებს.

რუსეთიდან საქართველოში გადასვლისას 20 წლის ხადიჟატ ხიზრიევას, მის 18 წლის დას, ფატიმატ ხიზრიევას, ასევე მათ ბიძაშვილებს , ასევე დებს – 24 წლის ამინატ გაზიმაგომედოვას და 19 წლის ფატიმატ მაგომედოვას პრობლემები შეექმნათ.

სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლებმა რუსეთის მხრიდან მათ პასპორტები ჩამოართვეს ისე, რომ მიზეზები არ აუხსნეს, შემდეგ კი პოლიციაში დარეკეს. კითხვაზე პასუხად, რატომ დააკავეს ამდენ ხანს ქალები, გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა მათ გადაადგილებაზე მშობლების ნებართვა მოთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულწლოვანები არიან. გარდა ამისა, განაცხადეს, რომ მათ სანახავად ნათესავები მიდიოდნენ.

საქმეში ჩაერთო უფლებადამცველი კრიზისული ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ ადამიანებს ეხმარება.

ორგანიზაციის ინფორმაციით გოგოები რეგულარულად იყვნენ ფიზიკური ძალადლების მსხვერპლი ნათესავების მხრიდან, რომლებიც მათგან რელიგიურ მორჩილებას ითხოვდნენ და ყოველ წვრილმან გადაცდომაზე სჯიდნენ. ბავშვობაში გოგოებს ქალური წინაცვეთა ჩაუტარეს. მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილში აკრძალული ეს პრაქტიკა დაღესტნის სოფლებში კვლავ მოქმედებს. ფონდის მონაცემებით კუსტარულ პირობებში ჩატარებული ოპერაციები ხშირად ქალებში სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

უფლებადამცველი ჯგუფ “მარემიდან“, სვეტლანა ანოხინა “კავკაზსკი უზელს“ უყვება, რომ დებს გავლენიანი ნათესავები აღმოაჩნდათ.

“გოგოები ძებნაში არ ყოფილან, თუმცა ნათესავებს დიდი კავშირები აქვთ. ხადჟამლახი, საიდანაც გოგოები არიან წარმოშობით, ძალიან მდიდარი სოფელია. ისინი სახლიდან სამი თვის წინ წავიდნენ, სამი თვე ისინი კრიზისულ თავშესაფრებში იყვნენ. ნათესავები მათ პოვნას ცდილობდნენ, მათ შორის, ჩემთანაც გზავნიდნენ ხალლხს. თავიდან მათ მოძებნას ქალი ცდილობდა, მერე მამის ძმაკაცი, რომელიც რეკავდა და ამბობდა, რომ სახლში გოგოები იმდენად უყვართ, რომ თანმხლების გარეშე არსად უშვებენ“– ამბობს ანოხინა.

გოგოები ჩიოდნენ, რომ მას სახლში სცემდნენ, განათლების მიღებას უკრძალავდნენ, ძალით გათხოვებას უპირებდნენ – წერს მედია, თუმცა ნათესვები ამას უარყოფენ.

უფლებადამცველების ინფორმაცით, ლარსის მესაზღვრეებმა გოგოების საზღვრის კვეთის შეფერხება მათ სახელზე დავალიანების არსებობით ახსნეს. თუმცა სასაზღვრო პუნქტში მივიდა მათი ადვოკატი ლეისან მანაპოვა, რომელიც კრიზისჯგუფთან თანამშრომლობს, და მიტანა ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ, რის შემდეგაც ერთ–ერთმა მესაზღვრემ აღიარა, რომ ხელმძღვანელობისგან სიგნალს ელოდება.

სასაზღრვრო სამსახური ინციდენტზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

შემდეგ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზეგ ოგოების დედები და მათი ბიძაშვილი ბიჭი მივიდნენ, თუმცა ადვოკატმა მოახერხა პოლიცია დაერწმუნებინა, რომ ისინი გოგოებთან არ შეეშვათ. ამ დროს გოგოები სასაზღვრო პუნქტის საფილტრაციო ოთახში იყვნენ მოთავსებული.

ახალგაზრდა ქალების მამა , ჰაჯიმურად ხიზრიევი ამბობს, რომ საკუთარ შვილებს მაინც დაიბრუნებს და მათ “ტვინი გადაუბრუნეს“. ის უარყოფს, რომ ოდესმე სცემდა შვილებს, არადა უფლებადამცველებს ამის დამადასტურებელი ფოტოები აქვთ. მამა პირობას დებს, რომ თუ გოგოები დაბრუნდებიან, თითს არ დააკარებს, თუმცა დებმა დაბრუნებაზე უარი თქვეს. საღამოს 10 საათის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ადვოკატთან ერთად გოგოებმა მაინც მოახერხეს რუსეთ–საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და “ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებიან.“ მოგვივანებით, ღამით კი კრიზისულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ საქართველოს მხარეს საზღვარი გადაკვეთეს და ახლა “უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.“

ასეთი შემთხვევები დაღესტანში და ჩეჩნეთში ხშირია. სპეციალური უფლებადამცველი ჯგუფები ზოგჯერ ახერხებენ ოჯახური ძალადობისგან გამოქცეულ ქალებს დაეხმარონ, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.