დაძაბულობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია – ჯაფარიძე ზუგდიდსა და ბათუმზე

“დაძაბულობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია” – ასე ეხმაურება, ”ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ზუგდიდსა და ბათუმში ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.

“ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი კონფრონტაციისა და დაძაბულობისკენ გადადგმული ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ, რომ რაც ახლა იქ ხდება, ეს არის ამოვარდნილი საერთოდ ყველა ლოგიკიდან, ეწინააღმდეგება ქართველი ამომრჩევლის ნებას, რადგან ამ ქალაქებში მოსახლეობამ ხმა მისცა ახალ საკრებულოებს, სადაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, შესაბამისად, ის რაც ძველმა საკრებულომ გააკეთა, ეს არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ემსახურება ვითარების დაძაბვას.თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი. ჩვენ გვესმოდა ქართული ოცნების მხრიდან განცხადებები, რომ, აი, თქვენ ნახავთ, როგორ კონსტრუქციულად მოვიქცევით მაშინ, როდესაც უმცირესობაში ვიქნებითო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ახლა რაც ხდება, არიან უმცირესობაში და ყველანაირი ხრიკებით ცდილობენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, სხვაგვარად ამ მოვლენებს ჩვენ ვერ შევაფასებთ”,