დახმარების პროგრამა გაგრძელდება – ცქიტიშვილი მაკო გომურს პასუხობს

ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ე.წ. გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა. გუშინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებიდან ყურადღებას არავინ აქცევს. მისი თქმით, თვალის პროთეზი გაუტყდა და ახლა ძველი უკეთია, რაც კატეგორიულად არ შეიძლება.