დედოფლის დაკრძალვა: ვინ დაპატიჟეს ცერემონიალზე და ვინ არა

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს დაკრძალვა ორშაბათს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ დაკრძალვაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების და სამეფო პირების არნახული რაოდენობა მოიყრის თავს.

წინა შაბათ–კვირას მათ ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნეს, და როგორც მოსალოდნელია დედოფლის დაკრძალვაზე დაახლოებით 500 სახელმწიფო მეთაური და მსოფლიოში ცნობილი პერსონა ჩავა.

უცხოელ ლიდერთა უმრავლესობას ბრიტანეთში კომერციული რეისებით ჩასვლა შესთავაზეს საცობებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. შემდეგ კი მათ ცენტრალიზებულად, ავტობუსებით გადაიყვანენ. ვესტმინსტერის სააბატო დაახლოებით 2200 ადამიანს იტევს.

ვინ იქნება სამგლოვიარო ცერემოანიალზე სტუმრებს შორის და ვის ვერ ვნახავთ დანამდვილებით:

ევროპის სამეფო ოჯახები

მოსალოდნელია, რომ დედოფალთან დასამშვიდობებლად ჩავლენ ევროპული სამეფო ოჯახების წევრები, რომელთაგან ბევრი ელისაბედ მეორეს სისხლით ნათესავია.

ბელგიის მეფე ფილიპმა და დედოფალმა მატილდამ, ასევე ნიდერლანდების მეფე ვილემ–ალექსანდმა  მეუღლესთან, დედოფალ მაქსმასთან და დედასთან, წარსულში დედოფალ ბეატრიქსთან ერთად უკვე დაადასტურეს, რომ ლონდონში ჩავლენ.

მოსაწვევები მიიღეს ეპანეთის მეფე ფილიპმა მეუღლესთან, ლეტიციასთან ერთად, ასევე ნორვეგიის, დანიის , შვედეთის, მონაკოს სამეფო ოჯახებმა.

აშშ–ს პრეზიდენტები

რა თქმა უნდა, მოსაწვევი მიიღეს აშშ–ს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ–ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი დაკრძალვას დაესწრებიან, თუმცა ადმინისტრაციაში ღიად მიანიშნეს, რომ საერთო ავტობუსით ისინი არ იმგზავრებენ.

ბევრი საუბრები იყო იმასთან დაკავშირებით, მოინდომებს თუ არა ბაიდენი ამერიკულ დელეგაციაში მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ჩართვას, თუმცა რაოდენობრივი შეზღუდვები იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ყოფილი პრეზიდენტებისთვის ადგილი არ გამოიძებნება.

სხვათა შორის, საუბარი იყო იმაზეც, რომ ზოგიერთ ექს–პრეზიდენტს მეუღლესთან ერთად, კერძოდ ბარაკ და მიშელ ობამებს, ინდივიდუალური მოსაწვევები გაუგზავნეს.

ცნობილია, რომ ჯიმი კარტერს ასეთი მოსაწვევი არ მიუღია.

თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერები

მოსალოდნელია, რომ დაკრძალვას დაესწრებიან ერთა  თანამეგობრობის ყველა ქვეყნის ლიდერები, რომლის  მეთური დედოფალი იყო.

ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და კანადის პრემიერ მინისტრებმა უკვე მიიღეს მოსაწვევები. თუმცა, ქვეყნების უმეტესობას უფლება აქვს მხოლოდ ქვეყნის მთავრობის მეთაური გაგზავნოს მეუღლითურთ. თანამეგოობრობის 14 ქვეყნისთვის, სადაც მეფე ჩარლზია სახელმწიფოს მეთაური, შედარებით შეღავათიანი პირობებია.

ამ ქვეყნებიდან დაკრძალვას შეიძლება დაესწრონ: სახელმწიფოს მეთაური მეუღლით, გენერალ–გუბერნატორი მეუღლით, უმაღლესი კომისარი –ასე ეწოდება ამ ქვეყნების ელჩებს დიდ ბრიტანეთში და კიდევ 10 სტუმარი ამ ქვეყნების საზოგადოების წარმომადგენლობიდან.

ზოგიერთი მონაცემებით, ბანგლადეშის პრემიერ–მინისტრი შეიხ ხასინა, რომელიც ქვეყანას მრავალი წელი ხელმძღვანელობდა და შრი–ლანკას პრეზიდენტი, რანილ ვიკრამასინგხე ასევე დაესწრებიან დაკრძალვას.

ინდოეთს მისი პრეზიდენტი, დრაუპადი მურმუ წარმოადგენს. ეს პოსტი ინდოეთში მხოლოდ ცერემონიალურია.

მსოფლიოს სხვა ლიდერები:

მოსაწვევები მიიღეს ირლანდიის პრემიერმა მიხოლ მარტინმა, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სამხრეთ კორეის და ბრაზილიის პრეზიდენტებმაც დაადასტურეს, რომ დაკრძალვას დაესწრებიან.

მოსალოდნელია, რომ დაკრძალვაზე ჩავა იაპონიის იმპერატორი ნარუხიტო, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ჩინეთის კომპარტის თავმჯდომარე, სი ცზინპინი, რომელიც 2020 წლის შემდეგ ქვეყნიდან გუშინ პირველად გავიდა, ასევე მიიწვიეს დაკრძალვაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ ის განაცხადა, რომ პეკინი განიხილავს მაღალი დონის დელეგაციის გაგზავნას.

რაც შეეხება ირანს, რომლის მიმართაც კვლავ მკაცრი სანქციები მოქმედებს, ის ელჩის დონეზე  იქნება წარმოდგენილი.

სიაში ვერ მოხვდნენ:

როგორც ბრიტანული მედია წერს, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის, ბელორუსის, სირიის, ვენესუელის, ავღანეთის, მიანმის წარმომადგენლები დაკრძალვაზე არ იქნებიან.

ეს დაკავშირებულია ამ ქვეყნების ქმედებებთან (რუსეთის და ბელორუსის შემთხვევაში ეს არის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა, ან ტერიტორიის დათმობა ასეთი შეჭრისთვის. მიანმას შემთხვევაში, ამ ქვეყანასთან ბრიტანეთმა ურთიერთობები 2021 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შეწყვიტა), ან იმასთან, რომ ბრიტანეთს ამ ქვეყნებთან უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.

ჩრდილოეთ კორეის და ნიკარაგუას წარმომადგენლები დაპატიჟებულები არიან, თუმცა მხოლოდ ელჩების, და არა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე.